საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბეი ფენგი ეწვევა

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბეი ფენგი ეწვევა

დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში ბეი ფენგი ეწვევა.

 აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ბეი ფენგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოინახულებს.

 „სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე  სტუდენტებს შეხვდება. ეწვევა ამერიკულ კუთხეებს, ასევე იგი აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის მონაწილეებს შეხვდება" - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ბეი ფენგის ვიზიტი თბილისში 4 დეკემბერს დასრულდება.

 აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით თანახმად, ფენგს ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს. სახელმწიფო სამსახურში შესვლამდე ის „ჩიკაგო ტრიბუნში" დიპლომატიურ საქმეთა კორესპონდენტად მუშაობდა. უფრო ადრე ბეი ფენგი ჟურნალისათვის U.S. News and World Report ავღანეთისა (2001-2002) და ერაყის (2003-2004) ომებს აშუქებდა. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჟურნალისტური კარიერა U.S. News and World Report-ის პეკინის ბიუროს ხელმძღვანელის რანგში დაიწყო. 1999 წელს მან სტატიისათვის „ჩინეთის მოტაცებული ცოლები" რობერტ კენედის სახელობის ჯილდო მიიღო.

 ფენგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის რანგში სამხრეთ ავღანეთში ერთი წელი (2009–2010) გაატარა. მას კომუნიკაციების უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. გასულ წელს ბეი ფენგი მიწვეული პროფესორის რანგში ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობდა და ავღანეთისა და ერაყის კონფლიქტების გაშუქების შესახებ ლექციებს კითხულობდა.