საქალაქო სასამართლო ზურაბ მიქაძისა და თენგიზ გუნავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების მიზეზებს განმარტავს

საქალაქო სასამართლო ზურაბ მიქაძისა და თენგიზ გუნავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების მიზეზებს განმარტავს

თბილისის საქალაქო სასამართლო საპატრულო პოლიციის ყოფილის უფროსის ზურაბ მიქაძისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ გუნავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების მიზეზებს განმარტავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა, მიქაძის შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ ბრალდებული შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჰყავს ოჯახი.

„ამასთან, ზურაბ მიქაძე დაბარებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შეხების მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადების დასაბუთებული ვარაუდი" - აღნიშნა ეკა არეშიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულს ემატება დაცვის მხარის ინფორმაციაც, რომ მიქაძის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილზე სისხლის სამართლებრივი დევნისთვის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

რაც შეეხება თენგიზ გუნავას, ეკა არეშიძის თქმით, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში იქნა მიღებული ის, რომ გუნავას 18 ნოემბერს შეფარდებული გირაოს პირობები არ დაურღვევია, ასევე ის, რომ პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, გათავისუფლებულია თანამდებობიდან, ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი.

„ამასთან, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტს, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შეხების მქონე პირების მიმართ ზემოწმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - განაცხადა სპიკერ-მოსამართლემ.

ზურაბ მიქაძეს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი იარაღის გამოყენებით (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ"), ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა (საქართველოს სსკ-ის 236-ე-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ასევე მოხელის მიერ სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება ჩვენების მიცემისათვის (საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის I ნაწილი ).

თენგიზ გუნავას კი ბრალად იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება, რამაც ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, მას ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. გამოძიების ინფორმაციით, მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.