ბუტა რობაქიძის საქმეზე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე დააკავეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე დააკავეს

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე  დაკავებულია, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. არჩილ კბილაშვილის თქმით, მას დღეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით) წარედგინა.

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავება პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეეს უკავშირდება. კბილაშვილმა ისაუბრა იმ ახალ დეტალებზე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გამოვლინდა.

  "საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. საქმე ეხება ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის გახმაურებულ ისტორიას, კონკრეტულად კი გაუფრთხილებლობით მკვლელობის ადგილზე პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა BMV-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახა აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე. გიორგი ქურდაძის გარდა ყველა მათგანი გადმოსული იყო მანქანიდან და ესაუბრებოდა საპატრულო ეკიპაჟს. გიორგი ქურდაძემ გადაწყვიტა მანქანიდან გადმოსვლა, რამაც გამოიწვია უნებური ხმაური. ხმაურზე პატრულის თანამშრომლები დაიძაბნენ და გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი. დამხმარე ეკიპაჟი ლევან ლობჟანიძისა და გიორგი ბაშალეიშვილის შემადგენლობით რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. პატრულმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოუსპო სიცოცხლე ბუტა რობაქიძეს. გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლეს გიორგი ბაშალეიშვილი. შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომელთაგან გამოძიებამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა. ახალგაზრდები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღესაც განხილვის სტადიაშია. გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამა საჯაროდ აცხადებდა, რომ განსასჯელები უდანაშაულოები იყვნენ და ადგილი ჰქონდა პოლიციის მუშაკთა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს. 

საზოგადოებას მინდა ვამცნოთ, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს ზემოხსენებულ ახალგაზრდებს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მისივე თქმით, დანაშაული გახსნილია და გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პოლიციის სხვა თანამშრომლები. "მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ მისივე დავალებით პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ამირან რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი ერთი მჭიდისა და 27 ვაზნით. ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ჭ. გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნულ საქმეზე დაპატიმრებული ზურაბ მიქაძეს  დღეს ბრალი წაეყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 336-ე მუხლის 1 ქვეპუნქტით და 335-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 არჩილ კბილაშვილის  განმარტებით, ამავე დანაშაულში სხვა პირების მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.