სააკაშვილი სომხეთის  პრეზიდენტს ხვდება

სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ ხვდება.

საუბრის მთავარი თემებია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი. 

ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პირველ პირს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დახვდა. 

საქართველოს პირველი პირი სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც ერევანში გაიმართება, აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.