ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი დააკავეს

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა ბორჯომის შსს-ს რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი და სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე ბლიაძე დააკავეს.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„გამოძიება დაიწყო 2012 წლის 22 ნოემბერს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ვ.გ-ს მიმართ დამამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144/3 მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. დღეის მდგომარეობით ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2009 წლის 1 იანვარს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო: ვ. გ. დ. მ. და გ.კ, ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა და პოლიციის სხვა მუშაკებმა გადაიყვანეს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. მიყვანის შემდეგ ხსენებული პირები გადაანაწილეს სხვადასხვა ოთახებში, ხოლო ვ. გ. აიყვანეს პოლიციის შენობის მეორე სართულზე ე.წ. უბნის ინპექტორების სამუშაო ოთახში, სადაც სცემეს. ვ.გ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი. ცემის პროცესში ალექსანდრე ბლიაძემ ვ.გ-ს  მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა ეთქვა სიმართლე ბაკურიანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. ცემის პროცესში პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებულს გადაუგრიხა ხელები, გადახარეს იგი მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით პოლიციის თანამშრომელმა ს.ს-მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ-ს. აღნიშნულის შემდეგ  გიორგი ბლიაძემ აიღო ოთახში არსებული ოთხფეხა სკამი და ერთ ერთი ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე. ამის შემდეგ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე. დილის დაახლოებით 07:00-08:00 საათზე ვ. გ. დაკითხა ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა და გაუშვა სახლში. საქმეზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები -  დაიკითხა დაზარალებული ვ. გ.. გამოძიების პროცესში ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ს. ს-მ, რომელიც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას, მიუთითა, რომ სურდა დახმარებოდა გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს. მოწმის სახით დაიკითხულმა ს.ს-მ  სრულად დაადასტურა მომხდარი. ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება-ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ვ.გ-მ ამოიცნო მის მიმართ ძალადობის განმხორციელებელი პოლიციის თანამშრომლები.  ამოცნობის შემდეგ 2012 წლის 30 ნოემბერს საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია ალექსანდრე ბლიაძე. გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 30 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, დაკავებულია მამუკა ხვედელიანი. ხვედელიანი წლების მანძილზე მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი.  ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა ხვედელიანი იყო წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატად „ნაციონალური მოძრაობიდან" ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში" - ნათქვამია განცხადებაში.