ვიქტორია ნულანდი: არ უნდა შეიქმნას ოდნავი შთაბეჭდილებაც იმისა, რომ გამოძიებები პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს

ვიქტორია ნულანდი: არ უნდა შეიქმნას ოდნავი შთაბეჭდილებაც იმისა, რომ გამოძიებები პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარ საჯარო განცხადებაში, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს. ამის შესახებ ნულანდმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასეთი იყო - "ეს ყველაფერი ხომ არ ჰგავს იმას, რაც ხდებოდა უკრაინაში, რაზეც თქვენ ბევრად უფრო ხისტ კომენტარებს აკეთებდით. რა მიზეზია, რომ თქვენს უკმაყოფილებას უფრო მკაცრად არ გამოთქვამთ?"

„როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო მდივანმა ძალზე მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი მოლოდინი კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ასევე ის, რომ ამ ყველაფერს საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს და საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი, კანონის უზენაესობაა. ეს ღირებულებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერისთვის. მინდა გითხრათ, რომ ორმხრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამ საქმეების განხილვა სათანადოდ წარიმართება და მათ იციან, რომ მსოფლიოს უყურებთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ქართული დემოკრატიისადმი ჩვენი მხარდაჭერა ძლიერი და მტკიცეა" -განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მისივე თქმით, ამ მხარდაჭერაში იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების, კერძოდ გამჭვირვალობის და კანონის უზენაესობის დაცვა, "რომ არ უნდა შეიქმნას ოდნავი შთაბეჭდილებაც კი იმისა, რომ გამოძიებები პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს".

რაც შეეხება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძისა და ჰილარი კლინიტონის შეხვედრას, ნულანდის თქმით, ეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მისი მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი, მათ შორის კანონის უზენაესობისადმი. მათ ასევე ისაუბრეს ახალი მთავრობის პოზიციაზე, თანმიმდევრულები ყოფილიყვნენ საგარეო პოლიტიკაში, ნატო-სა და ევროკავშირისკენ აღებულ კურსთან მიმართებაში, ავღანეთის სამშვიდობო მისიასთან მონაწილეობასთან დაკავშირებით, როგორც ამჟამად, ასევე 2014 წლის შემდეგ. ჩვენ ძალზე გაგვახარა და დაგვამშვიდა ამის გაგონებამ. ჩვენი მხრივ, ხაზი გავუსვით ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჟენევის მოლაპარაკებებისადმი, სადაც ჩვენ ვიღწვით სიძნელეების გადასალახად" -განაცხადა ნულანდმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თავდაპირველი განრიგის მიხედვით, ამერიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩასულიყო, ნულანდმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კითხვა ჟურნალისტს შეუძლია თავად პრემიერ-მინისტრს დაუსვას, როდესაც ის შტატებს ეწვევა. მისი თქმით, ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ სურს ამერიკას მალე ეწვიოს.