თედო ჯაფარიძე: რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

თედო ჯაფარიძე: რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.

„რა თქმა უნდა, კარგია, რომ ამგვარი განცხადება გაკეთდა. ეს განცხადება ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის საპასუხოდ გაკეთდა. მაგრამ მე თუ მკითხავთ ჩვენთვის მიუღებელია ის წინაპირობები, რომელზეც საუბარი იყო. ის მიდგომა, რაც რუსეთს მის მიერ აღიარებულ ტერიტორიებთან აქვს, ჩვენთვის მიუღებელია. რუსეთთან არვითარი ურთიერთობის გაუმჯობესება არ მოხდება,  ჩვენი საკუთარი სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის.

„საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი უკვე სხვა პოლიტიკური თაობაა, ვნახავთ მის რეალურ მოქმედებებს. იქიდან გარკვეული სიგნალები მოდის იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა კონტაქტების დამყარება, ჯერჯერობით არა დიპლომატიურ დონეზე,  თუმცა, შეგახსენებთ, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა და არა რუსეთმა. ჩვენ ყურადღებით მოვეკიდებით ამ სიგნალებს. ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჰუმანიტარული თანამშრომლობა აღდგეს, თვითმფრინავებმა იფრინონ, ადამიანებს შორის კონტაქტები მადლობა ღმერთს, გრძელდება,  კულტურული კავშირები შენარჩუნებულია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ასევე შეიძლება,  აღდგეს... ეს უბრალო გზა არ არის, თუმცა რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური რეალობისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების გათვალისწინებით“, - განაცხადა მედვედევმა.