„ინფო9

„ინფო9"-ის ჟურნალისტები მანანა ელიაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებენ და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

საინფორმაციო სააგენტო „ინფო9"-ის ჟურნალისტები სააგენტოს დირექტორს მანანა ელიაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წარმომადგენელმა ზაზა სვანაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა პრეს-კონფერეციაზე მოსვლა დღეს ვერ მოახერხეს, ვინაიდან ისინი რეგიონებში არიან, თუმცა 3 დეკემბერს თბილისში ჩამოვლენ და განცხადებებს პირადად გააკეთებენ.

„ინფო 9"-ის რეგიონულმა ჟურნალისტებმა დღეს ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, თუმცა, მე როგორც მათი წარმომადგენელი, ვაცხადებ, რომ ჟურნალისტების თქმით, სააგენტოს დაახლოებით 350-მდე თანამშრომელი როგორც ჟურნალისტები, ასევე ოპერატორები სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ისინი აცხადებენ, თითოეულ მათგანს სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ჰქონდა 3-თვიანი ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა ჟურნალისტების ნაწილი 3 თვეზე ადრე გაათვისუფლეს, მათ კი ვისაც ხელშეკრულება გაუგრძელეს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მისცეს პირობა, რომ ისინი სააგენტოში ახალ წლამდე იმუშავებდნენ. რამდენიმე დღის წინ კი მათ დაუკავშირდა „ინფო-9"-ის დირექტორი მანანა ელიაშვილი და მოსთხოვა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება საკუთარი სურვილით დაეწერათ. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ მიზანს მიაღწია და საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჟურნალისტები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში რეგიონებში დაუღალავად მუშაობდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას იტანდნენ, ახლა აღარ სჭირდება" - განაცხადა სვანაძემ.

მისვე თქმით, „ინფო 9"-დან გათავისუფლებული ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, რათა სამსახურში აღადგინონ და გეგმავენ, აღნიშნული მოთხოვნით კანცელარიაში ოფიციალური წერილი გაუგზავნონ.