ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ

ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ

ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც სამსახური 2008 წელის 1-ელ ივლისს ერთიანი ბრძანების საფუძველზე დაატოვებინეს, მათი საქმის გადახედვას ითხოვენ.

ყოფილი თანამშრომლები საქმის გამოძიების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ.

ღია წერილი დღეს ჟურნალისტებს საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მაკა ბასიაშვილმა გააცნო და აღნიშნა, რომ საქმე ეხება ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელს.

ღია წერილის ადრესატებს შორის პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ასევე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკოც არიან..

ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, 2008 წლის 1-ელ ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შედეგად ეროვნული ბანკი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებმა დატოვეს, უკანონოა და მისი რეალური მიზანი საფინანსო ინსტიტუტის სტრუქტურის მოშლა იყო.

ყოფილი თანამშრომლების თქმით, გათავისუფლების ბრძანების უკანონობას ადასტურებს ის, რომ ბრძანების გაცემის დროს ეროვნულ ბანკს არ ჰყავდა პრეზიდენტი, ხოლო მისი მოვალეობის შემსრულებელ დავით ამაღლობელს საკადრო ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება არ ქონდა.

მათივე განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია სარჩელი, რომელიც სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა.

ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენას შეძლებენ და მათი სამსახურეობრივი და მორალური რეაბილიტაცია მოხდება.