პავლე კუბლაშვილი: გუნავასგან ბიუჯეტის თანხის მიმთვისებლის ხატის შექმნა არ გამოვა

პავლე კუბლაშვილი: გუნავასგან ბიუჯეტის თანხის მიმთვისებლის ხატის შექმნა არ გამოვა

შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავასგან როგორც ჩანს, ნარკომანი და კრიმინალი არ გამოვიდა და ახლა გადაწყვიტეს, საბიუჯეტო თანხების მითვისებაში დაადანაშაულონ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს.

„როგორც ჩანს, გუნავასგან არ გამოვიდა არც ნარკომანი, არც კრიმინალი, რომლიც იარაღით დარბის, ამიტომ ახლა გადაწყვიტეს, რომ გუნავა აქციონ იმ ადამიანად, რომელსაც შეუძლია, საბიუჯეტო თანხები მიითვისოს. თენგიზ გუნავა და ის უწყება, რომელშიც ის მსახურობდა, საბიუჯეტო თანხებს ნამდვილად იყენებდა, მაგრამ იყენებდა იმ მიზნით, რის გამოც ის გამოყოფილი იყო. ის ებრძოდა კრიმინალს, ნარკომანიას, ებრძოდა ყველა იმ უკეთურობას, რამაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში იმატა. სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც გუნავა მსახურობდა კრიმინალის, დანაშაულის, ძარცვის, ქურდობის რაოდენობა იყო 50%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე დღესაა და ამას აცხადებს კიდეც დღევანდელი შს მინისტრი. ამიტომ მინდა, ვუთხრა, შსს სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, ქალბატონ წულუკიანსა და ბატონ ღარიბაშვილს, რომ გუნავასგან ბიუჯეტის თანხის მიმთვისებლის ხატის შექმნა არ გამოვა" - განაცხადა კუბლაშვილმა.

გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურამ გუშინ დაკითხვის შემდეგ დააკავა. მანამდე იგი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკის მოხმარების გამო უკვე იყო დაკავებული. საქალაქო სასამართლომ კი მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ მისი დაკავება და ბრალის წაყენება კანონდარღვევით მოხდა. და ირწმუნება, რომ დაკავებისას მას იარაღი ჩაუდეს და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხის დალევა აიძულეს.