ჰილარი კლინტონი: ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ

ჰილარი კლინტონი: ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ

ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ და კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კლინტონმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავზე ამერიკა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.

„ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესრულებისკენ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, რომელიც მოხდა არჩევნების შედეგად და ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ - კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად. ეს უნდა შეესაბამებოდეს ქართველი ხალხის გრძნობებს და მისწრაფებას"- განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ ამერიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს, არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესში, არამედ ყველგან, სადაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს – მათ შორის ავღანეთისა მისიასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ეამაყება.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ არჩევნებიდან ასე მოკლე პერიოდში მომიწვიეთ. არასოდეს დამავიწყდება თქვენი სატელეფონი ზარი, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ აშშ-სთან ურთიერთობის საკითხების განხილვას. ვამაყობთ, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვისაუბრებთ საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე. იმედი მაქვს, თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენს საკითხებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა მომავალში გაგრძელდება" - მიმართა ჰილარი კლინტონს მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ჰილარი კლინტონს გუშინ შეხვდა.