ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის გამჭვირვალობას

ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის გამჭვირვალობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით,  ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ პროცესის გამჭვირვალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აშშ-ში განუცხადა.

მაია ფანჯიკიძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შემდეგ, ბარაქ ობამას მრჩეველს ევროპის საკითხებში, „დემოკრატ" სენატორ ბენ კარდინს და „რესპუბლიკელ" კონგრესმენ დევიდ დრეიერს შეხვდა.

„ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქარტიაზე რომელიც ჩვენს ურთიერთობებს არეგულირებს, ნატო-ში ინტეგრაციასა და ავღანეთში საქართველოს წვლილზე. ყველამ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება, მეგობრობა, თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნა პროგრესი ამ ურთიერთობებში. ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის გამჭვირვალობას და მე მათ მოვახსენე, რომ საქართველოში ასეც ხდება"- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა სენატორ ჯონ მაკკეინთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „ვაშინგტონ პოსტის" რედაქციაში მისვლას და ჟურნალისტებთან შეხვედრასაც გეგმავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში 28 ნოემბერს გაემგზავრა. რაც შეეხება „ვაშინგტონ პოსტის" რედაქციაში სტუმრობას, ამერკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით - "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა".

Washington Post-ში წერენ, რომ ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ.