პროკურატურა თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ :
"2012 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიებით დგინდება, რომ თენგიზ გუნავა, 2012 წლის 06 ივლისიდან 2012 წლის 22 სექტემბრამდე, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად და იყო მოხელე.
მან, 2012 წლის 11 აგვისტოს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და მიეთვისებინა. ამ მიზნით საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმი"-ს საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ. ჩოხელმა იმავე დღეს გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმის" საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და გადასცა თ. გუნავას.
მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, თენგიზ გუნავამ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით - ჩამოწერა და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული საწვავის ტალონები მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. 
მანვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა და მიითვისა. კერძოდ, 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 49500 ლარი, რაც თავის მხრივ ნ. ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს. თ. გუნავამ, აგვისტოს შუა რიცხვებში, თავის მხრივ ფულის აღება და მასზე გადაცემა დაავალა მის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს. ამ უკანასკნელმა მიიღო რა 49500 ლარი, მაშინვე გადასცა თ. გუნავას. ოფიციალურად აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ. გუნავამ გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ნ. ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49500 ლარის გამოყოფაზე. თანხის მიღება გუნავას მიერ დადასტურებულია 2012 წლის 01 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ. გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურებრივი საჭიროებისთვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ესე იგი თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" პუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით. 
აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.