გიორხელიძე: საქართველოში კომუნალურ სფეროში მომუშავე კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ

გიორხელიძე: საქართველოში კომუნალურ სფეროში მომუშავე კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ გაზის ტარიფის განახევრება რეალურად შესაძლებელია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, რეზერვი გაზის ტარიფის განახევრებისთვის რეალურად არსებობს. როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც მსგავსი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, კომუნალური მომსახურების ტარიფები შეუსაბამოდ მაღალია.

„ქვეყანაში სადაც დასაქმება უსაშველოდ პრობლემური საკითხია და ხელფასს ჯანმრთელი მოსახლეობის მხოლოდ 27% იღებს, სადაც სტაბილური შემოსავალი ძალიან ვიწრო წრეს გააჩნია, არის საშინელი, უზარმაზარი ტარიფები. საუბარი კონკრეტული პირების მხრიდან იმაზე, რომ ევროპის ქვეყნებში ტარიფები ბევრად უფრო მეტია, არაკორექტულია“ - განაცხადა გიორხელიძემ.

მისი თქმით, ტარიფების საკითხზე სამუშაო ჯგუფი 7 თვის განმავლობაში მუშაობდა და გამოიკვეთა, რომ ფორმულირება - გაზის ტარიფის განახევრება, შეუძლებელი არ იყო.

„რაც შეეხება ელექტროენერგიას, მის ტარიფს გაცილებით ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. აქ განახევრებაზე საუბარი არასდროს ყოფილა, ჩვენ ოპტიმალური ციფრიც კი გამოვიყვანეთ. საორიენტაციოდ, საუბარი იყო 10 თეთრის მომატებაზე ან დაკლებაზე, ზამთარ-ზაფხულის მიხედვით. ამის საშუალებას გვაძლევდა ის რეალობა, რაც გვაქვს“ - განაცხადა გიორხელიძემ და დასძინა, რომ მსოფლიოში არ არსებობს კომუნალური სფერო, რომელიც წაგებაზე მუშაობს, ხოლო საქართველოში ასეთ კომპანიებს „ზემოგებები“ აქვთ.

„სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ შენს მოქალაქეს არ გადაახდევინო იმაზე მეტი მომსახურებაში, რომელიც საშუალებას იძლევა სრული დანახარჯები იყოს დაფარული და მერე გარკვეული მოგებები დარჩეს თითოეულ სფეროს, რომ მათ განვითარების საშუალება დარჩეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ კომუნალური ინფრასტრუქტურის ქსელი აბსოლუტურად განუვითარებელი და გაუმართავია და ვერ ვიტყვით, რომ წლების განმავლობაში ამოღებული ფული ამ ინფრსტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდა. ასე რომ იყოს, გაცილებით სხვაგვარი იქნებოდა დამოკიდებულება. საზოგადობა იტყოდა, რომ რადგან ეს ყველაფერი კეთდება და მე-20 საუკუნის ამორტიზებული ქსელებისა და გაზგაყვანილობის ნაცვლად კეთდება ახალი, ცოტახანს მაღალ ტარიფებს მოვითმენთო“ - განაცხადა გიოხელიძემ.

მისივე თქმით, არანაირი არგუმენტი არსებობს იმისა, რომ ტარიფების შეცვლა არ შეიძლება, რადგან, როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, ტარიფები წმინდა პოლიტიკის საკითხია.

„ლობისტური ჯგუფები, რომლებიც დღეს ხისტად აცხადებენ, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება ისინი უმძიმეს მდგომარეობაში აყენებენ პირველ რიგში ქვეყნის პრემიერს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ერთადერთმა მოიგო ეს არჩევნები იმ კოალიციაში. ისინი არაწესიერად იქცევიან, რადგან ცალკეული კომპანიების ინეტერსებს იცავენ“