„მწვანე ალტერნატივა

„მწვანე ალტერნატივა" პროკურატურას „დარიალი-ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლას სთხოვს

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა" საქართველოს მთავარი პროკურორისგან „დარიალი-ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლას მოითხოვს.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2012 წლის 22 ნოემბერს „მწვანე ალტერნატივამ" საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა და მოითხოვა მდ. თერგზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, 110 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების გამოძიება.

„მწვანე ალტერნატივას" მტკიცებით, სახეზეა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევები, როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან. კერძოდ, ასოციაციის მტკიცებით, კომპანია „დარიალი ენერჯი" ჰესის მშენებლობას რამდენიმე თვის განმავლობაში ნებართვის გარეშე ახორციელებდა, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრომ და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ არ მიიღეს ზომები ამ კანონდარღვევის აღსაკვეთად.

გარდა ამისა, ასოციაციის შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა და დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა "დარიალი ჰესის" მშენებლობის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა სამშენებლო საქმიანობის წარმართვას ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

ამასთან, „მწვანე ალტერნატივას" მტკიცებით, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უკანონობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ცვლილება შეიტანა "დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში და ჰესის მშენებლობის საბაბით, ყაზბეგის ეროვნული პარკიდან 20 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია ამორიცხა.

ასოციაცია საქართველოს მთავარ პროკურორს სთხოვს საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ „დარიალი ჰესის" მშენებლობა/განთავსებასთან დაკავშირებით ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლასა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას.