ჯონდი ბაღათურია ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

ჯონდი ბაღათურია ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ, უახლოეს მომავალში, პროკურატურაში მასალების შეტანას აპირებს.

ბაღათურიას განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას, თუ როგორ გამოსძალეს ადეიშვილმა და ახლანდელი უმცირესობის კიდევ ორმა წევრმა ბიზნესმენებს დიდი ოდენობით თანხა.

მისი თქმით,  ამ საქმეში, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ყოფილი პროკურორის დავით საყვარელიძის სახელიც ფიგურირებს, თუმცა ამ ეტაპზე,  არ აკონკრეტებს ბიზნესმენის ვინაობას და საპარლამენტო უმცირესობის წევრების ვინაობას, რომლებიც ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვაში მონაწილეობდნენ.

„ამ ეტაპზე მაქვს ინფორმაცია, თუმცა უნდა მოვაგროვო მასალები, რომლებსაც შემდგომში მათ წინააღმდეგ მტკიცებულებადაც გამოუყენება. ამ ეტაპზე იმ ორი პიროვნების ვინაობას ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს ყველაზე ხმამაღლა ყვირიან. ზურაბ ადეიშვილი კი, აღნიშნულ საქმეში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრება“,- განაცხადა  ბაღათურიამ.

რაც შეეხება ზოგადად,  ქვეყანაში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებას, ბაღათურიას განცხადებით, ეს ყველაფერი სამართლიანობასთანაა დაკავშირებული და არა პოლიტიკურ რევანშთან.

„ამ დაპატიმრებებში არანაირი პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება. დამნაშავე არის დამნაშავე და უნდა დაისაჯოს. ერთი მსხვილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია დააკავეს, ვფიქრობ, მსხვილი დამნაშავეების დაპატიმრებები მაღალი ალბათობით წინაა“, - განაცხადა ბაღათურიამ.