დათმობს თუ არა რუსეთი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის აფხაზეთსა და სოხუმს?

დათმობს თუ არა რუსეთი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის აფხაზეთსა და სოხუმს?

ოსური  მედია აქტიურად განიხილავს საქართველოს პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებას-ხელისუფლებაში კოალიცია“ ქართული ოცნების“ მოსვლას“ და მის ერთთვიან მოღვაწობასაც აფასებს. Cominf.org-ზე განთავსებულ სტატიაში მითითებულია, რომ ახალი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არ აპირებს საგარეო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას და ამის მაგალითად, ივანიშვილის  პირველი ვიზიტი ბრიუსელში და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებაც „საქართველო ალიანსის და ევროკავშირის გარდა არსად გაწევრიანებას არ აპირებს“, გამოდგება.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების განცხადებით, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა მათ მიმართ, დიდად არ შეიცვლება და მხოლოდ „ნამცხვარი“ შეცვლის „მათრახს“ და ეს მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებებშიც ჩანს. სტატიის ავტორის თუ ავტორთა  განცხადებით, აფხაზი და ოსი ზოგიერთი ექსპერტი, ბოლო პერიოდში  შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ შესაძლო პოლიტიკის შეცვლის შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას უკავშირდება .

„ექსპერტები შიშობენ, რომ „ქართულ მხარეს საკმაოდ ძლიერი ლობი ჰყავს რუსეთში, რომელსაც ნებისმიერი საკითხის წინ წაწევა შეუძლია“ და კიდევ „კრემლის ირგვლის არსებული კორუფცია“, რომელმაც შესაძლებელია დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს არცთუს ისე დიდი ხნის წინ, საქართველოს ქვეშევრდომობიდან გამოსული ხალხის დამოუკიდებლობაზე. ექსპერტები სვამენ კითხვას- ხომ არ შეეცდება რუსეთი  სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, ქართული მხარის მიმართ ლოიალური გახდეს და აფხაზეთი და სოხუმი დათმოს? თუმცა, სტატიის ავტორის განმარტებით, ეს არალოგიკურია, ახლა არც 1990-იანი წლებია და არც სტალინის და ბერის მმართველობის პერიოდი“,-ვკითხულობთ სტატიაში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პირველი თვის მუშაობის შედეგებს, ის ოსი ექსპერტებისთვის იმედის მომცემი აღმოჩნდა. მათი განმარტებით, რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, ქართული მხარის სხვა ხალხებთან ურთიერთობების დალაგებასაც გამოიწვევს. რაც თავის მხრივ, ქართული ხელისუფლების მხრიდან, მეზობელ ხალხზე შესაძლო სამხედრო თავდასხმების არიდების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, ქართველი ხალხის წინაშე კი ფარდა აეხდება ყოფილი ხელისუფლების ყველა ბოროტ განზრახვას.

რაც მთავარია, კოალიცია „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა2008 წლის აგვისტოს მოვლენების რეალურ ხასიათს. განა ეს არ არის სერიოზული იდეოლოგიური ბიძგი ახალი ქართული პოლიტიკური ელიტის ცნობიერებაში?

 სტატიის ავტორის განმარტებით,  მკითხველს, შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ  ავტორს „ბორჯომი“ მოენატრა და ის „აგიატეს“ ან „აუადხარს“ ურჩევნია, თუმცა ეს ასე არ არის!

„რეალობა ასეთია, საქართველო თავისი პრობლემებით, მაინც ჩვენს მეზობლად რჩება, გამომდინარე აქედან, ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება, რაც საქართევლში ხდება, აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ოსების ყოფა-ცხოვრებაზეც. საქართველოს ხელისუფლებაში ნეონაცისტური და კრიმინალური რეჟიმის წასვლამ, არ შეიძლება არ ჩასახოს იმედი სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთთან და რუსეთთან მომავალი ცივილური ურთიერთობებისა. თუმცა, კეთილმა მოსაზრებებმა, პრაგმატულობაც არ უნდა დაგვავიწყოს. სამწუხაროდ, ისტორია გვაჩვენებს, რომ კეთილი ზრახვებით მოსული პოლიტიკური ძალები, თვალისდახამხამებაში ანტისახალხო და ტოტალიტარულ რეჟიმებს ქმნიან ხოლმე“,-ნათქვამია სტატიაში.