შსს მინისტრის მოადგილე სტამბულში ბისეკის მინისტერიალს დაესწრო

შსს მინისტრის მოადგილე სტამბულში ბისეკის მინისტერიალს დაესწრო

სტამბულში  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით  მინისტერიალი გაიმართა.

საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრას  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლევან ჩიკვაიძე დაესწრნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, შს სამინისტრო ავრცელებს.

„ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, საბერძნეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე რუმინეთის, სომხეთისა და მოლდოვის რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა. სხდომას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო ხორვატიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ქართული დელეგაციის მხრიდან საუბარი შეეხო ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას, რაც, რა თქმა უნდა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიზნების,  ღირებულებებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე აისახა.

„აღინიშნა, ასევე, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს  ჩამოყალიბების დიდი მნიშვნელობა გრძელი და მოკლევადიანი სტრატეგიების განსავითარებლად და ხაზი გაესვა პოლიციის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, პოლიციელებში განათლების დონის ამაღლებასა და მათ მუშაობაში ახალი ფილოსოფიური ხედვის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიციის ისეთ სამართალდამცავ ორგანოდ ჩამოყალიბებას, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უსაფრთხოების სერვისს სთავაზობს. მინისტერიალზე ბატონმა იზორიამ განსაკუთრებით აღნიშნა შსს-ს ერთ-ერთი ცენტრალური მიზანი - საპოლიციო სისტემის სრული დეპოლიტიზირება.

და ბოლოს,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო, განსაკუთრებით კი რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფორმატში და მიესალმა ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის“,- ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მოლდოვის, სომხეთისა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან.