შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მიეცა

შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მიეცა

შეწყალების კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მიეცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა.

თევდორაძემ კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ამას უკვე პრეზიდენტი განსაზღვრავს. მისივე ცნობით, შეწყალების კომისიამ თანხმობა მისცა იმ პატიმრებს, რომლებსაც არ აქვთ ჩადენილი მკვლელობა, არ არიან დაპატიმრებული ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, გაუპატიურებისთვის, რეციდივისტობისა და ტრეფიკინგისთვის.

"აქედან გამომდინარე, ყველას, ვისაც ჰქონდა დარჩენილი ნახევარი ან ნახევარზე ნაკლები ვადა პატიმრობის, მიეცა დადებითი რეკომენდაცია. მათ შორის არიან ძალიან მძიმე ავადმყოფები და მიხარია, რომ ეს ადამიანები უახლოეს დღეებში დატოვებენ საპატიმროებს", - განაცხადა ელენე თევდორაძემ. მისივე თქმით, დადებითი რეკომენდაცია გაიცა ერთ არასრულწლოვანზე. რაც შეეხება ქალებს, ელენე თევდორაძე ამ შემთხვევაშიც ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.

შეწყალების კომისიის სხდომა დღეს თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელენე თევდორაძის თქმით, ახლა უკვე კომისია ტექნიკურ სამუშაოებს გადის და საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროებს, სავარაუდოდ 22 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.