განვითარების კვლევითი ინსტიტუტი  საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

განვითარების კვლევითი ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 და 207-ე მუხლების  კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინსტიტუტი სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში გეგმავს.

როგორც მან განმარტა, ინსტიტუტი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, რომ სარჩელის განხილვამდე შეისწავლოს საკითხი და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს კანონმდებლობაში.

„მართალია რეჟიმი წავიდა ხელისუფლებიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის დამარცხებას. სისტემა უფრო მდგრადია და მას აქვს ადაპტაციის უნარი. დღეს ვხედავთ, რომ არის სისხლის სამართლის ბევრი საქმე, იკვეთება სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ვიღაცა ცდილობს პოლიტიკურ დევნას დაუკავშიროს. ეს ბრძოლა დანაშაულთან არ არის საკმარისი, რომ მივიღოთ უკეთესი ქვეყანა. რეჟიმის ფორმირების პროცესში ძალიან ბევრი საკანონმდებლო ნორმა იქნა მიღებული იმისთვის, რომ შეექმნათ გარანტიები ყველას და ყველაფრის კონტროლისათვის. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი იყო 207-ე მუხლიც" - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, 2012 წლის 25 ივლისს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო, თუმცა ინსტიტუტმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ დაედო ყადაღა და შემდეგ ვერც სასამართლო განჩინების მიღება შეძლო.

მისივე განცხადებით, ამითი დაირღვა კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლები, რომლებიც გულისხმობს ინფორმაციის მიღების უფლებას და სასამართლო განხილვაზე ხელმისაწვდომობის უფლებას.

„მივიჩნევთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი და 207-ე მუხლი მნიშვნელოვნად ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლებით გარანტირებულ უფლებებს და მომავალში აღნიშნული უფლებების დარღვევის პრევენციისთვის, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. არ უნდა დავტოვოთ ისეთი შავი ხვრელები კანონმდებლობაში, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ"- განაცხადა ხუხაშვილმა.