დავით უსუფაშვილი: გორდონი პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მთავრობას შორის თანაარსებობით დაინტერესდა

დავით უსუფაშვილი: გორდონი პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მთავრობას შორის თანაარსებობით დაინტერესდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ,  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გორდონი პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მთავრობას შორის თანაარსებობით დაინტერესდა.

უსუფაშვილის თქმით, შეხვედრა ძალიან თბილი და მეგობრული იყო.

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მას შემდეგ,  რაც საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენ ქვეყანაში და აშშ-ში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ბევრი რამ არ შეცვალა აშშ-ში. ბატონი გორდონი განსაკუთრებით დაინტერესდა როგორ ხდება თანაარსებობა, პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას შორის. ვისაუბრეთ კონსტიტუციური და პოლიტიკური რეალობის შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პოლიტიკური განსხვავებები არ ამოიწურა და არც მსურს, რომ ამოიწუროს, მაგრამ სანამ კონკრეტულ პირებს კონკრეტული თანამდებობები უკავიათ, ამ თანამდებობების შესაბამისი ქმედებები უნდა განახორციელონ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საუბარი საგარეო პოლიტიკურ კურსსაც შეეხო, თუმცა მისი თქმით, ეს საუბარი იყო საქმიანი და არა ზოგადი.

უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ უწევს განმარტებების გაკეთება, მისი პოლიტიკური კურსის თაობაზე, რადგან ცალსახად ყველასთვის ნათელია, რომ ეს კურსი  ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციაა.