სამართალდამცველებმა შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი და ბინა გაჩხრიკეს

სამართალდამცველებმა შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი და ბინა გაჩხრიკეს

გასულ ღამეს სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ვიცე-მერის შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დილიძემ განუცხადა, პროკურატურის წარმომადგენლები მერიაში ღამის 12:00 საათზე მივიდნენ.

„ჩვენთვის მათი მოსვლა მოულოდნელი იყო, რადგან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ღამის 12:00 საათზე მოვიდნენ. თავდაპირველად ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით, რის შემდეგაც უკვე შოთა ხიზანიშვილის კაბინეტის ჩხრეკა ითხოვეს, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ ეტაპზე რაც ვიცით, წაღებულია პროცესორი" - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მერიის პრესსპიკერის განმარტებით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკის არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.

„არავითარი დოკუმენტი არ დაუტოვებიათ, მაგრამ ჩვენ ძალით წინააღმდეგობას არ გავუწევდით. მზად ვართ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლოთ, თუმცა ადეკვატურ ზომებს ვითხოვთ მათგანაც" - აღნიშნა მან.

თბილისის მერიაში სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის პარალელურად სამართალდამცველებმა წუხელ შოთა ხიზანიშვილის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ჩხრეკას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.