მინაშვილს  ბაჩო ახალაიას მონახულება  29 ნოემბრამდე შეეძლება

მინაშვილს ბაჩო ახალაიას მონახულება 29 ნოემბრამდე შეეძლება

საპარლამენტო უმცირესობის წევრს, აკაკი მინაშვილს პატიმრობაში მყოფი ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მონახულება 29 ნოემბრამდე შეეძლება.

ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბრძანება გამოსცა.

„პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - აკაკი მინაშვილს გადაეცეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასთან შეხვედრის მიზნით, 2012 წლის 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება“, - ნათქვამია სპიკერის ბრძანებაში.  

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, დავით უსუფაშვილის ბრძანების მიხედვით, მას საპატიმრო დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება 2013 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით მიეცა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი მინაშვილი აცხადებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მას უფლება ექნება  ბაჩო ახალაიასთან ულიმიტოდ შევიდეს.