ლევან გოგიჩაიშვილი შეწყალებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს

ლევან გოგიჩაიშვილი შეწყალებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს

"9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის" დამფუძნებელი, მსჯავრდებული ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა გოგიჩაიშვილი შეწყალებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„გუშინ სოციალური სამსახურიდან მივიღე შეტყობინება შეწყალებაზე. მე კატეგორიული უარი განვაცხადე. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს არის უზნეო საქციელი. მე არანაირი მოთხოვნა არ გამიგზავნია მასთან შეწყალებასთან დაკავშირებით. იყო პერიოდი, როდესაც სააკაშვილის წარმომადგენლები, მათ შორის ეკა ხერხეულიძე მოდიოდა და გვთხოვდა, დაგვეწერა შეწყალებაზე განცხადება, რაზეც უარს ვაცხადებდით. ახლანდელი შეწყალება არის პროვოკაცია და ერთგვარი ფეხის წამოდების პრინციპი იმ საკანონმდებლო ქმედებებზე, რომელიც პოლიტპატიმრებთან მიმართებაშია დაგეგმილი. არ გვჭირდება სააკაშვილის ხელმოწერით საპატიმროების დატოვება" - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ოფიციალურ უარს შეწყალებაზე მისი ადვოკატების დახმარებით იტყვის.

„9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის" დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი 2009 წელს სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის სასჯელს ამჟამად სასჯელაღსრულების რუსთავის #17 დაწესებულებაში იხდის.