მაია ფანჯიკიძე: საქართველოს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში გერმანიის უფრო აქტიური როლი ვთხოვე

მაია ფანჯიკიძე: საქართველოს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში გერმანიის უფრო აქტიური როლი ვთხოვე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰოისგენთან გამართა.

ფანჯიკიძის განცხადებით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შეფასდა არჩევნები.

„შევეხეთ იმასაც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალი მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტი არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, დამოუკიდებელი იუსტიციის სამინისტროს შექმნა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და გაღრმავება მათთან ურთიერთობისა - განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორთან. ასევე მედიის თავისუფლება და ის ფასეულობები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-სთვის არის მნიშვნელოვანი. ხაზი გავუსვით გერმანიის განსაკუთრებულ როლს განვლილი 20 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ და მე მას ვთხოვე გერმანიის უფრო აქტიური როლი საქართველოს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

მინისტრის განცხადებით, კრისტოფ ჰოისგენი რუსეთთან მიმართებაში ახალი მთავრობის პოლიტიკითაც დაინტერესდა.

„ვუამბე,  როგორ მოხდა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, როგორი იყო რუსეთის რეაქცია და მას დაებადა შეკითხვა, როგორი როლი შეიძლება შეასრულონ სხვა ქვეყნებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების მოგვარებაში. გერმანია, როგორც ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩვენთვის და მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჩვენს დასახმარებლად“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.