სააკაშვილი: საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ

სააკაშვილი: საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან ახალ მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ჩვენი დიდი სურვილია და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისკენ. ქვეყნის შიგნით უამრავი პარტიული უთანხმოებაა, შესაძლოა, ბევრი რამ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ არ უნდა ვიყოთ გულგრილი და უგულებელვყოთ ჩვენი ერის სურვილი, რომელსაც ევროპულ ჩარჩოებში თანამშრომლობა ჰქვია" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ქვეყნის პირველმა პირმა აქცენტი სწორედ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის უალტერნატივობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო ისე, როგორც არასდროს, მჭიდროდაა მიბმული ევროპულ ინსტიტუტებზე.

„აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს და მივიღოთ ევროპული პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მივაღწიეთ სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ახლა გვჭირდება, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი პროგრესის გზით წავიდეს. ჩვენ უკვე მივუახლოვდით ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან. ამ მხრივ, საქართველოს არ აქვს ალტერნატივა. ევროკავშირთან დაახლოება არ არის პარტიული არჩევანი, ეს გზა ხალხმა აირჩია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მომავლისთვის. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და თქვენთან შეხვედრა, მისთვის ინფორმაციულად საკმაოდ ღირებული იყო. საკუთარი გამოცდილება ჩვენ გავუზიარეთ ახალ მთავრობას. იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება, მოხარული ვიქნები, მომდევნო წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თუ ისეთი სახის თანამშრომლობას შევძლებთ, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების გაზიარებას, აღმშენებლობას, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ" - განაცხადა სააკაშვილმა.