სააკაშვილი: არ ვიყავი ვალდებული პროკურატურა, იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ახალი მთავრობისთვის გადამეცა

სააკაშვილი: არ ვიყავი ვალდებული პროკურატურა, იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ახალი მთავრობისთვის გადამეცა

არ ვიყავი ვალდებული ახალი მთავრობისთვის პროკურატურა გადამეცა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით,  მას ასევე უფლება ჰქონდა მის პრეროგატივაში დარჩენილიყო იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

„მე, როგორც პრეზიდენტი ვიმედოვნებ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა იქნება. ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება და გვსურს ყველა ინსტიტუტმა ისე იმუშაოს, როგორც საჭიროა. მე არ ვიყავი ვალდებული პროკურატურა ახალი მთავრობისთვის გადამეცა, ასევე მქონდა უფლება ჩემს პრეროგატივაში დარჩენილიყო იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, მაგრამ მე ესენი მათ გადავეცი" - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, ახლა, როცა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან კრიტიკა ისმის, ის შეწუხებულია.

„ძალიან მაწუხებს ის, რომ მაღალი ტრიბუნიდან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. როცა ჩვენი მთავრობის მიზანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, ამგვარი შემაშფოთებელი შეფასებების მოსმენა ნამდვილად არ მახარებს. ვიმედოვნებ, რომ ეს დროებითია. ველოდებით იმ დაპირებების შესრულებასაც, რაც ახალმა მთავრობამ ჩვენს ხალხს მისცა. ეს ეხება კონსტიტუციური წესრიგის დამყარებას. საარჩევნო დაპირებების შესრულებას - უკეთესი პირობების შექმნას ჩემი მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის" - აღნიშნა პრეზიდენტმა.