ვალერი  ოთხოზორია: ჩვენ რუსოების, დიდროების, ვოლტერების და ამგვარი ადამიანების აღმოჩენას ვგეგმავთ

ვალერი ოთხოზორია: ჩვენ რუსოების, დიდროების, ვოლტერების და ამგვარი ადამიანების აღმოჩენას ვგეგმავთ

პროფესორ-მასწავლებლები  და  სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი ახალი სამოქალაქო ინიციატივა -ჰუმანიტარული ინსტიტუტის  „კრიტიკის სახლი“- ის  დაფუძნებას  გეგმავენ.  უნივერსიტეტის დაფუძნების ინიციატორების განცხადებით, საპროტესტო მუხტი, რაც ამ მოძრაობისა და უნივერსიტეტის  შექმნის საჭიროებას ბადებს,  ქვეყანაში არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტებია, რომლებიც მათი განმარტებით, სამოქალაქო აქტიურობას ვერ იწვევენ, ტვინი არ გააჩნიათ, არ აზროვნებენ, თვითრეფლექსირების ორგანო არ აქვთ და ცოცხალი ინტერესების შებოჭვას ემსახურებიან.

მათივე განცხადებით, მათი რესურსი საზოგადოებაში არსებული დაუინტერესებელი ინტერესებია, რომლებსაც ახლა,  თვითგამომზეურების, თვითმანიფესტაციის ადგილი და სივრცე არ აქვთ.

„ჩვენ ვგეგმავთ რუსოების, დიდროების, ვოლტერების და ამგვარი ადამიანების აღმოჩენას“, - აცხადებს უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის  მაგისტრატურის სტუდენტი, ვალერი  ოთხოზორია.  from.ge ახალი საგანმანათლებლო მოძრაობისა და ახალი უნივერსიტეტის დაფუძნების იდეის შესახებ, მას ესაუბრა.

ვალერი  ოთხოზორია:  ჩვენი მიზანია,  ახალი საგანმანათლებლო მოძრაობა, ახალი უნივერსიტეტი შეიქმნას და ზოგადად,  ჩაკეტილობას დაუპირისპირდეს.  ამჟამად,  ქვეყანაში ორგვარი პროცესები ვითარდება:  პროცესები, რომლის მანიფესტაცია ხდება და არსებობს პროცესები, რომლის დაფარვა ხდება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია  საზოგადოების არცერთ ადგილას, არც ერთ დროსა თუ ფენაში, არც ერთი  პროცესი არ იყოს დაფარული.  ყველა პროცესი მანიფესტაციას,  გამოაშკარავებას უნდა დაექვემდებაროს ამიტომ, ახალი უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნება,  საზოგადოებისგან განდევნილ და უარყოფილ ტენდენციებსა და  ინტერესებს დაემყარება.  ეს აბსოლუტურად,  ყველანაირი კრიტიკული ინტერესის თავშეყრის და  კრიტიკის ცენტრი, ღია სივრცე  გახდება,  სადაც ნებისმიერს შეუძლია,  ნებისმიერი აკრიტიკოს და რეალურად, ახალი აზროვნების მუხტი,  ამ კრიტიკის ირგვლივ ააგოროს.  

როგორ გაგიჩნდათ ამ უნივერსიტეტის დაარსების იდეა და ამ მოძრაობის საჭიროებას რაში ხედავთ?

-საპროტესტო მუხტი, რაც ამ მოძრაობის შექმნის საჭიროებას ბადებს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა უნივერსიტეტებია. რეალურად, ისინი სამოქალაქო აქტიურობას ვერ იწვევენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დაწესებულება, რომელსაც ტვინი არ გააჩნია, რომელიც არ აზროვნებს და  არა აქვს თვითრეფლექსირების ორგანო.  ის არის პენიტენციალური სისტემის გაგრძელება და რეალურად,  ცოცხალი ინტერესების შებოჭვას ემსახურება.  ის ვერ ქმნის ეპოქალურ მოვლენებს,  არ მონაწილეობს მასში და მთლიანად საზოგადოებას  დროს გვაკარგვინებს.

ტრადიციის მიხედვით, ის  არც იყო ამისთვის გათვლილი,  ამიტომ საჭიროა შეიქმნას დაწესებულება,  რომელიც  პირველ რიგში, გათვლილი და წარმოდგენილი იქნება,  როგორც სამოქალაქო აქტივისტი.  

მიგვაჩნია, რომ  სამოქალაქო ორგანიზაციების  დიდი ნაწილი დემოკრატიული სტანდარტების ზედაპირულ მანიპულაციას, ზედაპირულ რეკლამირებას ეწევიან და ასევე, ჩვენს სააზროვნო ტრადიციას რეალურად მოწყვეტილნი არიან.  ვგულისხმობ, ნაციონალიზმის წარმოშობასთან ერთად,  გამოწვეულ სამოქალაქო მოძრაობას.  ილია ჭავჭავაძეს, მის თაობას და მის შემდგომ  თაობებს 1921 წლამდე,  ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების სახით,  რუსეთის ხელისუფლება დამყარდებოდა. ამის შემდეგ,  ხდება ის ფარისევლობა, რომელიც დღემდე მოდის  და ჩვენ გვსურს,  ამ ყველაფერს  სააშკარაოზე გამოტანით დავუპირისპირდეთ.

ჩვენი  მიზანია  ყველანაირ ინტერესს თავისუფალი სივრცე, თვითპრეზენტაციის საშუალება  მივცეთ და დავაკვირდეთ, როგორც განვითარდება მოვლენები.  

რა რესურსი გაქვთ ყოველივე ამისთვის?

-პირველი რესურსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაუინტერესებელი ინტერესია.  ანუ საზოგადოებაში არსებული ინტერესები, რომლებსაც ახლა,  თვითგამომზეურების, თვითმანიფესტაციის ადგილი და სივრცე არ აქვთ. ასეთი დამალული ძალები საზოგადოების  მიწისქვეშეთშია და  ზეგავლენებს  იქიდან ცდილობს.   ეს ზეგავლენები მით უფრო დამღუპველია, რაც უფრო მიწისქვეშეთიდან მოდის.

შესაბამისად, ვგეგმავთ, ეს ძალები შემოვიკრიბოთ  და აბსოლუტურად ყველა ინტერესთან, რომელიც შესაძლებელია ამგვარი სივრცის არსებობით დაინტერესებული იყოს, რომელსაც შეიძლება ეგულებოდეს ეს სივრცე,  როგორც თვითრეალიზების საშუალება, ამ ძალებზე დაყრდნობით მოვიძიებთ საკმარის რესურსებს, რათა ამ დაწესებულების ჩამოყალიბება მოვახდინოთ და საზოგადოებას რეალური განმანათლებრივი ალტერნატივა შევთავაზოთ.

მაგალითად,  როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფო ფულსაა  დამყარებული და ვერ იცილებს  პოლიტიკურ და სხვა ზეგავლენებს,  ჩვენ შევძლებთ ამგვარი ზეგავლენების აცილებას,  რადგან ეს თვითონ  ზეგავლენების მანიფესტაციების ადგილი იქნება.  ჩვენ არაფერს არ დავმალავთ. ახლა,  ტრადიციული სისტემიდან გამომდინარე,  ძნელია იმის გაგება,  თუ რა დაწესებულებაზეა საუბარი, მაგრამ როდესაც ეს დაწესებულება შეიქმნება,  ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდება.

როგორ აპირებთ ფინანსური რესურსის მოძიებას?

-შევქმნით ფონდს და  საზოგადოებრივ შემოწირულობებს მივიღებთ. დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულნი ვართ,  რომ ასეთი შემოწირულობები იქნება.  ჩვენი დასაყრდენი ასევე  დაფინანსების უცხოური წყაროები იქნება და  მასაც აქტიურად გამოვიყენებთ.

არსებობს თუ არა ამ ინიციატივით დაინტერესებული მხარეები და  გაქვთ თუ არა მათთან ურთიერთობა?

-არსებობს დაინტერესებული მხარეები, რომლებთანაც  უკვე ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებას და მომავალშიც ვფიქრობთ, ასეთნი ბევრნი იქნებიან.

აქ იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში რეალური დემოკრატიის დამყარებით,  ძველი ტრადიციების დაბრუნებით, (ვგულისხმობ, სააზროვნო და სამოქალაქო ტრადიციებს,  რომლის ჩანასახებიც გაგვაჩნდა) ცოცხალი განათლების დაფუძნებით, განვითარებით, ღია საზოგადოების ჩამოყალიბებით, კნალური სისტემის მოშლით, ქსენოფობიის წინააღმდეგ,  ბრძოლით და აშ.

ადამიანები, რომლებმაც შეიძლება იპოვონ  საკუთარი ადგილი და სამოქალქო აქტივისტი გახდნენ და შესაძლებელია,  ამას ვერ ახერხებს იმ პოზიციაზე,  რა პოზიციაზეც ახლა იმყოფება. სწორედ, ასეთი პიროვნებების დახმარებაა ჩვენი რესურსი.

რაც შეეხება სწავლებას, რა განსხვავებული კურსი ექნება თქვენს უნივერსიტეტს?

-სწავლება,  უფრო გვიანდელი პროცესია. სწავლებამდე ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.  პარალელს გავავლებ ევროპულ საგანმანათლებლო მოძრაობასთან, იგივე მოძრაობა,  თითქმის იდენტურის გამოწვევა მოხდება.

  რა იყო ევროპული საგანმანათლებლო მოძრაობა.  ეს იყო მოძრაობა,  სადაც აზროვნება უნივერსიტეტების გარედან წამოვიდა,  ადამიანებიდან,  რომლებსაც ხარისხი არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ რეალური ინტერესი იმის შესახებ, რაც ხდებოდა და თავიანთ ინტერპრეტაციებს გვთავაზობდნენ.

ჩვენ ვგეგმავთ რუსოების, დიდროების, ვოლტერების და ამგვარი ადამიანების აღმოჩენას. რეალურად, აუცილებელია  შეიქმნას ამგვარი წრე და არა ისეთი,  როგორიც არსებობს  ხელისუფლები მიმართ,  ლოიალურად თუ  ოპოზიციურად განწყობილი და თავის ცხოვრებისეულ პოზიციას,  ამ განწყობაზე აგებენ. რეალურად, უნდა შექმნას ცოცხალი პროცესი,  უნდა მოეღოს ბოლო ამ სიკვდილის მექანიკას.

ცოდნა,  რომელიც მოგვეწოდება  უპერსპექტივოა,  როგორც სამოქალაქო, დასაქმებისა და განვითარების კუთხით.

ეს ვერ ქმნის ეპოქალურ გამოწვევას ამიტომ საჭიროა ამას არ დავემორჩილოთ.  ყველაფრის ხარჯზე უნდა მივანიჭოთ უპირატესობა დაუინტერესებელ ინტერესს და გარშემო სწორედ, დაუინტერესებელ ინტერესებს შემოვიკრებთ.  

ასეთი ინტერესები ახლანდელ  საგანმანათლებლო თუ სხვა სისტემებში  მანიფესტირებული არაა ან  არ გვხვდება,  დაფარულია.  ამიტომ  ამ იდეას სჭირდება გაჟღერება, რათა ამგვარი ინტერესების  პროვოცირება მოხდეს.