დავით დარახველიძემ ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა

დავით დარახველიძემ ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების უმაღლეს კომისართან კნუტ ვოლებეკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სტუმარმა ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამინისტროსთან არსებულ და მომავალ თანამშრომლობაზე.

მან აღნიშნა,  რომ მზად არის,  მსგავსი ურთიერთობების გასაგრძელებლად და მინისტრს სთხოვა, ერთობლივად განიხილონ, რა მიმართულებით არის ყურადღება და დახმარება გასაძლიერებელი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ კნუტ ვოლებეკს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

დავით დარახველიძის თქმით, ახალი ხელისუფლების მიდგომა დევნილი საზოგადოების მიმართ შემდეგია - გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები და ყველა დევნილი ოჯახი ღირსეულად ცხოვრობდეს.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი, რაც ახალმა ხელსუფლებამ აღნიშნული მიმართულებით გადადგა, არის ის,  რომ,  მომავალი წლის ბიუჯეტი გაორმაგდა კონკრეტულად დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

დავით დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის და კერძოდ დევნილი საზოგადოებისთვის და ბენეფიციარებისთვის ბევრი კარგი საქმე გაკეთდა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„იმედი გვაქვს, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებიან საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში“, - განაცხადა დარახველიძემ.