კუდის 5 მაღალჩინოსანი დაკავებულია

კუდის 5 მაღალჩინოსანი დაკავებულია

მთავარმა პროკურატურამ 17-საათიანი დაკითხვის შემდგომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 5 მაღალჩინოსანი დააკავა.

დაკავებულებს შორის, კუდ-ის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა და  ამავე უწყების მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილია.

დაკავებული ქარდავას ადვოკატის კახა შონიას ინფორმაციით,  საუბარი საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილისდაცვის წევრის ბესიკ სურმავას გატაცების ფაქტზეა.

ქარდავას  ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 143-ე და 333-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და  უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება გიორგი ყავლაშვილს, მას წინასაარჩევნო პერიოდში ტერმინალზე „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი ქონების უკანონო დაზიანება ედება ბრალად. 

ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით,, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში არიან გადაყვანილი.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერები, რომელშიც აღწერის მიხედვით კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთზე საუბრობდნენ.

28 სექტემბერს სურმავას მეუღლემ, მაკა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ მისი ქმარი გატაცებულია და მასზე ზეწოლა ხორციელდება.

ლობჟანიძე აცხადებდა, რომ სურმავას სახელით გავრცელებულ ვიდეოებზე მის მეუღლეს ხელი არ მიუწვდებოდა.

შემდეგ, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელიც,  მათი მტკიცებით,  27 სექტემბრის ღამის 4 საათზეა გადაღებული, როდესაც სურმავა გაუჩინარდა.

კოალიციამ უწყებათაშორის კომისიას სურმავას გაუჩინარების ფაქტის გამოძიება მოსთხოვა.

ბესო სურმავა სგაუჩინარებიდან 7 დღის შემდეგ, ახლში თავად დაბრუნდა. ის მომხდარზე არ საუბრობდა.