მარტინ  შულცი სააკაშვილს  და ივანიშვილს მინიმუმ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე  თანაარსებობისკენ მოუწოდებს

მარტინ შულცი სააკაშვილს და ივანიშვილს მინიმუმ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე თანაარსებობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ,  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს საპრეზიდენტო არჩევნებამდე „თანაარსებობისა“ და „სტაბილური თანამშრომლობისკენ“  მოუწოდა.

„გუშინ აქ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ის, რაც მასთან ვთქვი, დღეს მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე. ევროკავშირი დიდი ინტერესითა და ღელვით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის, რაც ქვეყანას ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ სჭირდება, არის წინდახედული და ფრთხილი გარდამავალი პერიოდი. იგივე საკითხი გუშინ ახლად არჩეულ პრემიერთანაც განვიხილე. ეს არ არის პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან და იმის კარგი მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია, არის საფრანგეთი. ვფიქრობ, კონსტიტუციის პატივისცემა ამის კარგი საფუძველია. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება და თქვენ და ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თანაარსებობა, მინიმუმ, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შეძლოთ. სტაბილური მთავრობა და სტაბილური თანაშრომლობა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ევროკავშირისთვის“, - განაცხადა  შულცმა.

შულცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.

„თქვენს ქვეყანას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონალური განვითარებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, ჩემს რჩევას გაითვალისწინებს ორივე პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში. ჩვენ თვალს ვადევნებთ მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ მიღებულ ზომებს. უფრო მეტიც,  მე და პრეზიდენტი სააკაშვილი შევთანხმდით, რომ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი“, - განაცახდა შულცმა.