თეა წულუკიანი: არაა გამორიცხული, ერთ-ერთ საქმეში ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი როლიც გამოიკვეთოს

თეა წულუკიანი: არაა გამორიცხული, ერთ-ერთ საქმეში ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი როლიც გამოიკვეთოს

იუსტიციის მინისტრის  თეა წულუკიანის განცხადებით,  არაა გამორიცხული, რომ  ერთ-ერთ საქმეში იუსტიციის ყოფილი მინისტრის  ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი როლიც გამოიკვეთოს.

აღნიშნულის შესახებ, წულუკიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„მაღალჩინოსნების როლი არაერთ ინფორმაციაშია მოხსენიებული, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ. არ არის გამორიცხული, ერთ-ერთ საქმეში ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი როლიც გამოიკვეთოს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მასზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ერთადერთი საქმე, რაც მის გვარს ამ ეტაპზე უკავშირდება,  გირგვლიანის მკვლელობის სრულყოფილი გამოძიებაა. სხვათა შორის,  ამ მხრივ წინ წავიწიეთ და გვაქვს ახალი მტკიცებულებები - ეს აქამდეც ვიცოდით,  მაგრამ ყოფილმა ხელისუფლებამ ამის დადასტურება არ ისურვა. საქმე ეხება იმას, რომ კაფეში მჯდარ ჯგუფსა და გარეთ,  გირგვლიანისა და ბუხაიძის მომტაცებელ ჯგუფს შორის, რა თქმა უნდა კავშირი არსებობდა... შაშკინზე ვერაფერს გეტყვით, ამ ეტაპზე მასთან მიმართებაში რაიმე სერიოზული მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა უამრავი ინფორმაციაა შემოსული“, - განაცხადა  წულუკიანმა და დასძინა, რომ ერთია ინფორმაციების არსებობა, მაგრამ მთავარი მტკიცებულებების მოპოვებაა.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლოა მთავარი პროკურატურა რომელიმე საქმესთან მიმართებაში უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის როლით დაინტერესდეს, იუსტიციის მინისტრმა კონკრეტული პასუხისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

„პრეზიდენტზე,  გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის გარეთ ბრძანდება,  ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ. არ მინდა რაიმე ტიპის გამონათქვამი მუქარად აღიქვას. მსურს, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა წულუკიანმა.