თეა წულუკიანი: ახალაიას რამდენიმე პატიმარი ემუქრებოდა

თეა წულუკიანი: ახალაიას რამდენიმე პატიმარი ემუქრებოდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით,  ბაჩო ახალაიას მიმართ გლდანის ციხეში პატიმრებს დიდი აგრესია ჰქონდათ.

მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარი ახალაიას მისამართით იმუქრებოდა, რომ მას არ აცოცხლებდა.

„მინისტრმა ჩათვალა, რომ ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში აღარ იყო დაცული. მის მიმართ პატიმრებს ჰქონდათ დიდი აგრესია, მათ შორის იყო რამდენიმე, რომელიც იმუქრებოდა, რომ მას არ აცოცხლებდა. ასეთი პირადი საუბრები იყო შემჩნეული. მინისტრის მოვალეობა ისაა, რომ პატიმარი საფრთხისგან დაიცვას. ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის ციხეში სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება. სიტუაცია კონტროლდება, მაგრამ იყო ახალაიას მიმართ ცალსახა აგრესიული დამოკიდებულება. თავად პატიმარს ე.წ. მატროსოვის ციხეში სურდა გადაყვანა, თუმცა ჩაითვალა,  რომ იქ კიდევ უფრო გაჭირდებოდა მისი უსაფრთხოების დაცვა. ამიტომაც გადაწყდა მე-7 დაწესებულებაში განთავსება, რაზეც ახალაიას პროტესტი არ გამოუხატავს“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ბაჩო ახალაიას პატიმრობის პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოთხ პატიმარზე გათვლილ ოთახში იმყოფება და აქვს ტელევიზორი.

„მისი კამერა ვიდეოთვალით კონტროლდება, რის თაობაზეც თავადაც ინფორმირებულია. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, მეზობელი ორი საკანი დარჩება ცარიელი. ეს არ არის პატიმრის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა,  ესაა სიტუაცია, რაშიც უნდა იყოს ყოფილი მაღალჩინოსანი“,- განაცხადა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.