ნინო ბურჯანაძე: პოლიტპატიმართა გათავისუფლების პროცესი გაუგებრობების გამო არ უნდა  გაიწელოს

ნინო ბურჯანაძე: პოლიტპატიმართა გათავისუფლების პროცესი გაუგებრობების გამო არ უნდა გაიწელოს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე უფლებადაცვით ორგანიზაციებს პოლიტპატიმრების საქმეების განხილვის დაჩქარების თხოვნით მიმართავს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი, ქვეყნიდან განდევნილი და პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული პირები პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარებას ელოდებიან.

„ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს აქტიურადაა დაკავებული ამ პრობლემის მოგვარებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტთან შექმნილია კომისია, რომელიც სწავლობს ამ საკითხს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ცდილობას მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს ეს საკითხი. თუმცა, არ შემიძლია შეშფოთება არ  გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ  პროცესი მაინც  გაჭიანურებულია და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენად სწრაფად დასრულდება იგი. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც პროცესი ჭიანურდება ამა თუ იმ მიზეზის გამო. რადგან ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ჩართული იყო ამ ადამიანების უფლებების დაცვის საქმეში, ყველა ამ პირთან დაკავშირებით არა ერთი პროცედურაა გავლილი და ვფიქრობ, რომ  შეკითხვების მინიმუმი უნდა არსებობდეს. თუნდაც არსებობდეს კითხვები, თუნდაც იყოს იმის საფრთხე, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც დანაშაული ჩადენილი, აღმოჩნდეს  გათავისუფლებულთა სიაში, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ ამაზე, რადგან ელემენტარული ჭეშმარიტებაა -  ჯობს დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე თუნდაც 1 უდანაშაულო ადამიანი ციხეში“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან თხოვნით მიმართა პოლიტპატიმრების საკითხებით დაკავებულ პირებს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრებები მინიმუმამდე  იყოს დაყვანილი და აღნიშნული პროცესი გაუგებრობების გამო არ გაიწელოს.

„ისინი არიან მართლაც ღირსეული ადამიანები, რომლებიც არ შეეგუენ ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან სწრაფად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. იმ 180-მდე ადამიანთა შორის, რომელთა სიაც არის წარდგენილი, პრაქტიკულად არავითარი ეჭვი უფლებადამცველ ორგანიზაციებში არ არსებობს, ვინაიდან ისინი წლების განმავლობაში არიან აღიარებული როგორც პოლიტიკური პატიმრები“ - განაცხადა ბურჯანაძემ.