ფინანსთა სამინისტრო საგადასახო პოლიტიკის დახვეწის მიზნით, დაინტერესებული მხარეებისგან რეკომენდაციებს ელოდება

ფინანსთა სამინისტრო საგადასახო პოლიტიკის დახვეწის მიზნით, დაინტერესებული მხარეებისგან რეკომენდაციებს ელოდება

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო პოლიტიკის დახვეწის მიზნით, მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო საგადასახდო პოლიტიკის იმ ნაწილს განიხილავს, სადაც პრობლემებს ხედავენ მეწარმეები და გადასახადის გადამხდელი სხვა პირები.

 „საუბარია ორმაგი ინტერპრეტაციის საკითხებზე. ამასთან, საგადასახადო კოდექსში არის გარკვეული მუხლები, რომლის მიმართაც პრეტენზიები არსებობს. არის ადმინისტრირების პრობლემები, მაღალი ჯარიმები. ყველა ამ კუთხით, ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან“ - განაცხადა ებრალიძემ და დასძინა, რომ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გაიმართება, რათა საგადასახო პოლიტიკის დეპარტამენტმა მათგან წინადადებები და რეკომენდაციები მიიღოს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას  საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი წარუდგინა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტრო აღნიშნული კუთხით აქტიურობს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვის მიმართოს, ვისთან მოახდინოს კოორდინაცია ამ საკითხებზე და რაც უფრო ოპერატიული იქნება გამოხმაურება, მით უფრო მალე შევძლებთ ამ საკითხის დალაგებას“ - აღნიშნა მან.

ამასთან, ებრალიძის თქმით, იგეგმება აღრიცხვა-ადმინისტრირების და მასთან დაკავშირებული დავების საკითხის დარეგულირებაც.

„ჩვენ ვიფიქრებთ არამარტო საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ აღრიცხვა-ადმინისტრირების და დავების მოგვარების და სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ საკითზე. არსებობს რამდენიმე გზა. მე პირადად დაინტერესებული ვარ, პრეცედენტული სამართლის პრინციპებიც შემოვიდეს. ამიტომ, ეს საკითხი მაქსიმალურად საჯარო უნდა იყოს, რათა მხარეების ჩართულობით მაქსიმალურად კვალიფიციურ შედეგამდე მივიდეთ“ - განაცხადა ებრალიძემ.