კახა კალაძე: ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით „სოკართან

კახა კალაძე: ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით „სოკართან" საუბარი აუცილებლად შედგება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებთ მომავალში „სოკართან" საუბარი აუცილებლად შედგება.

 ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" გენერალურ დირექტორ როვნაგ აბდულაევთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„დღეს ჩვენ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ. აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც შეეხება ტარიფების საკითხს, კონკრეტული საუბარი დღეს არ ყოფილა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გვექნება „სოკართან" მსჯელობა, თუ რამდენად შესაძლოა ტარიფების თემის გადახედვა"- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სოკარის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრას, კალაძის განმარტებით, ეს თავად აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნა იყო.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფნა მათი მოთხოვნა იყო"- აღნიშნა კალაძემ.

„სოკარის" გენერალურ დირექტორს დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდნენ.