გიორგი ბარამიძე: დაკავებებმა დემოკრატიას და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ზიანი უკვე მოუტანა

გიორგი ბარამიძე: დაკავებებმა დემოკრატიას და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ზიანი უკვე მოუტანა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, დაკავებებმა დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ზიანი უკვე მოუტანა.

ამის შესახებ ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის გადადებას გამოეხმაურა და ამ კუთხით ყურადღება გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავების ფაქტზე გაამახვილა, რომელიც მისი შეფასებით, სასაცილო ბრალდებითაა დაკავებული.

„უმცირესობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პროტესტი იმ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე მოუტანა დემოკრატიის, თავდაცვისუნარიანობის და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ზიანი. გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, რომელიც დიდი ხნის წინ იგეგმებოდა და ბოლო პერიოდში კონკრეტული მოსამზადებელი სამუშაოებიც მიმდინარეობდა. ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო დეკემბრის მინისტერიალის წინ, რათა საქართველოს პოტენციურად გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე" - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება უარყოფს იმ შემოთავაზებას, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთობლივად მიმართონ ალიანსს, რათა ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწიოს.

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, პროცესის შეფერხება კი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს" - აღნიშნა ბარამიძემ.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით ბარამიძემ ისიც აღნიშნა, რომ ალიანსი ასეთ ვითარებაში ოფიციალურ განცხადებას იშვიათად აკეთებს.

„ვფიქრობ, ნათელია - როდესაც მასპინძელი არის დაკავებული, ანუ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი კალანდაძე, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ადვილი მისახვედრია, რა მიზეზით გადაიდო ვიზიტი" - აღნიშნა ბარამიძემ.