გიორგი ბარამიძე: პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ ვაპირებთ

გიორგი ბარამიძე: პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ ვაპირებთ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერის გიორგი ბარამიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს.

ამის შესახებ ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ისეთ ტიპის საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდა ადგილი, რა დროსაც, ზოგი დეპუტატი არჩეული იყო, მაგრამ სხდომებს არ ესწრებოდა, ზოგმა კი მანდატი დახია.

„ასეთი ქმედებების განხორციელებას ჩვენ არ ვაპირებთ. ამჟამად არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან იმ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ, რომელიც მომზადებული არ არის, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური მოტივებით, გამოგონილი ბრალდებებით იმ ადამიანების დაკავება მოხდა, რომელთა მიმართ ხელისუფლებას პოლიტიკური მოტივები გააჩნია. არ ვაპირებთ არანაირ ბოიკოტს. ჩვენ საპარლამენტო ბერკეტსა და ტრიბუნას გამოვიყენებთ. ხალხმა აგვირჩია პარლამენტში, ამის შესაბამისად ვიმუშავებთ და ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს გავატარებთ" - აღნიშნა ბარამიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა, როდის განაახლებენ საპარლამენტო საქმიანობას.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოვლენების განვითარების შესაბამისად იქნება მიღებული.