თბილისის მერია დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და თბილისის მერის კამათის ვიდეოჩანაწერის გავრცელებას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის სოციალური შეღავათების აღდგენასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე სოციალური საკითხები არ განიხილებოდა, რის შემდეგაც თბილისის მერმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
„2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა.
მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის სოციალური შეღავათების აღდგენასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე სოციალური საკითხები არ განიხილებოდა, რის შემდეგაც თბილისის მერმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
თბილისის მერია მთავრობის სხდომის იმ ვიდეო მასალის ჩანაწერის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას აფიქსირებს, რომ ის არ აპირებს სოციალური საკითხის განხილვას.
სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრეს-სამსახურის პირადი კამერით იქნა გადაღებული.
აღნიშნული მასალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვითხოვთ მის გასაჯაროებას“, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.