ალექსი პეტრიაშვილი: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის  ვიზიტი იმის გამო გადაიდო, რომ ჯერ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა გაურკვეველია

ალექსი პეტრიაშვილი: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი იმის გამო გადაიდო, რომ ჯერ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა გაურკვეველია

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის გადადების მიზეზი განმარტა.

პეტრიაშვილის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი იმის გამო გადაიდო, რომ მასპინძელი უწყების,  ანუ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის.

„ბუნებრივია,  ეს არის დროებითი,  ვიდრე არ მოხდება მთავრობასა და ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება, ვინც არის პასუხისმგებელი გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ შეთანხმება მალე შედგება და კომპრომისული გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ამის შემდეგ კი, ვინაიდან გაერთიანებული შტაბი არის ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მთავარი მასპინძელი მხარე,  მოკლე დროში გადაწყდება საკითხი ამ ვიზიტის ჩატარების შესახებ. საქართველოსა და ნატო-ს შორის,  იმდენად მნიშვნელოვანი პროექტებია, იმდენად ვითარდება თანამშრომლობა, რომ კონკრეტულ გაუგებრობასთან დაკავშირებული თემის გამო, შეფერხება ვერ იქნება“, - განაცხადა  პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილის თქმით, ძალიან მჭიდროდ მიმდინარეობს მუშაობა ნატო-ს ხელმძღვანელობასთან მომავალი წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაზე.