ლუკა კურტანიძემ „სახალხო კრება

ლუკა კურტანიძემ „სახალხო კრება" დატოვა

ლუკა კურტანიძემ „სახალხო კრება" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.

„მივმართავ „სახალხო კრების" ხელმძღვანელს ნონა გაფრინდაშვილს, მთავარ საბჭოს - რეზო ესაძეს, ელიზბარ ჯაველიძეს, გია ბურჯანაძეს, ირაკლი ბათიაშვილს, სოსო ჯაჭვლიანს და „სახალხო კრებაში" შემავალ პოლიტიკური სუბიექტების ხელმძღვანელებს: განვლილი წლების განმავლობაში ერთად სიყვარულით მოვიარეთ მთელი საქართველო და სამაგალითოდ ვიბრძოლეთ ავადმყოფური რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელი იყო ვინმე მიხეილ სააკაშვილი" - განაცხადა  კურტანიძემ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, იგი „ქართული ოცნების" წევრია და აქედან გამომდინარე „სახალხო კრებას" ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ „სახალხო კრება" ზეპოლიტიკური ორგანიზაციაა.

„მე ლუკა კურტანიძე ვიყავი, ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი და ახალი ხელისუფლების თანაგუნდელი. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვტოვებ „სახალხო კრებას“ და როგორც ყოველთვის, მთელი პასუხისმგებლობით მივიღებ და გავიზიარებ იმ კრიტიკულ შენიშვნებს რაც იქნება საზოგადოებიდან” - განაცხადა კურტანიძემ.

 მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზანია „სახალხო კრებას“ არ შეექმნას პრობლემები „ქართული ოცნების“ და ახალი მთავრობის ჯანსაღი კრიტიკისას.

ამასთან, კურტანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის გადაწყვეტილების შესახებ სახალხო კრების არცერთი წევრისთვის პირადად ჯერ არ უცნობებია. რაც შეეხება მის მომავალ თანამდებობას ახალი ხელისუფლების პირობებში ჯერ-ჯერობით უცნობია.

მისი თქმით, იგი ბიძინა ივანიშვილის გვერდით იქნება და მასთან ერთად ნებისმიერი მიმართულებით იბრძოლებს.

„ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობაა მერქვას ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. ვიბრძოლებ ყველა მიმართულებით, სადაც მას დასჭირდება” - დასძინა კურტანიძემ.