ფადი ასლი პროკურატურას მოუწოდებს  იმ პირების ვინაობა დაადგინოს,  რომლებიც ფოთის პორტის ნეგატიურ მოვლენებს ინიცირებენ

ფადი ასლი პროკურატურას მოუწოდებს იმ პირების ვინაობა დაადგინოს, რომლებიც ფოთის პორტის ნეგატიურ მოვლენებს ინიცირებენ

საერთაშორისო სავაჭრო პალატა  პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც  ფოთის პორტში განვითარებულ მოვლენებს ინიცირებენ.

აღნიშნულის შესახებ, დღეს  საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორმა ფადი ასლიმ ბრიფინგი გამართა.

ფადი ასლის განცხადებით, ფოთის პორტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პუნქტია, რომელიც არ შეიძლება იყოს გაურკვეველი პიროვნებების მიერ პარალიზებული, რომელთაც მანიპულაციის გზით შეცდომაში შეჰყავთ „პატიოსანი და გულუბრყვილო მომუშავეები, რათა საბოლოოდ შეძლონ კრიმინალური გზით მიზნის მიღწევა“.
მისი თქმით, „საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ უფლებებს, თუმცა გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზეა მოტივირებული, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის იმიჯზე.

„აქედან გამომდინარე, პალატა მოუწოდებს პროკურატურას, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა რომლებიც ინიცირებენ ამ ნეგატიურ მოვლენებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველო მოიცვა გაფიცვების ტალღამ რამდენიმე ბიზნეს სექტორსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომლის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია და ახლად დამტკიცებული ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება“, - განაცხადა ფადი ასლიმ. 
ფადი ასლიმ აღნიშნა, რომ ფოთის პორტში მიმდინარე გაფიცვები  ქალაქ ფოთის პარალიზებას ახდენს, რომელიც ქვეყნისა და რეგიონის უმნიშვნელოვანესი პუნქტია.

მან განმარტა, რომ მოქმედი მთავრობის სისტემატიური დისკრედიტაციის მცდელობა, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდა, რაც გამოიხატება სოციალური უკმაყოფილებით და აისახება ქმედებებში, როგორიცაა: ლტოლვილების მიერ თბილისის მრავალ შენობებში არაკანონიერი შესახლება, რეგულარული არეულობები საქართველოს ციხეებში და უამრავი გაფიცვის ინციდენტი, 100% იანი ხელფასების ზრდა და სხვა მრავალი არარეალური მოთხოვნა.

„კარგად დაგეგმილი და შესაბამისად კონტროლირებული ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ფადი ასლიმ.