შორენა შავერდაშვილი:  რაღაც პერიოდით  სატელევიზიო გამოსვლებს ვწყვეტ

შორენა შავერდაშვილი: რაღაც პერიოდით სატელევიზიო გამოსვლებს ვწყვეტ

ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი სატელევიზიო გამოსვლებს წყვეტს. ამის შესახებ,  შავერდაშვილმა სოციალურ ქსელ facebook - ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

შავერდაშვილის თქმით,  მას მეტი დრო ექნება უფრო სასარგებლო საქმის გასაკეთებლად.

„პატარა განცხადება ჩემი კოლეგებისათვის: რაღაც პერიოდით ვწყვეტ სატელევიზიო გამოსვლებს - ეს იქნება კომენტარები სხვადასხვა სიუჟეტებისათვის, თუ თოქ-შოუებში მონაწილეობა. ამით თქვენ ბევრი არაფერი დაგაკლდებათ, ცხადია, მაგრამ მე მექნება უფრო მეტი დრო იმისათვის, რომ უფრო სასარგებლო რამეები ვაკეთო,  „ლიბერალის“ რედაქციიდან“, - წერს შავერდაშვილი და აღნიშნავს, რომ როდესაც დღეში 3-4 ზარს იღებს, რთულია იყო სელექციური.

ამასთანავე, შავერდაშვილი მიიჩნევს, რომ მედიამ სულ უნდა ეძებოს ახალი, აზრიანი ადამიანები.

„ნუ გეშინიათ ამ „ახალი სახეების“ - ამ პატარა ქვეყანაში, ისინი მალე ხდებიან „ცნობადები“. მე თვითონაც დიდი სიამოვნებით გირჩევთ ხოლმე ახალ ადამიანებს. მგონი, მაყურებლის მოთხოვნაც ამაზეა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

 პ.ს. ჩხუბის ხასიათზე სულ ვარ და ამას ისედაც ვიზამ, სხვადასხვა ფორმებით“, - დასძენს  შავერდაშვილი.

შეგახსენებთ, დაახლოებით, ორი კვირის წინ, ტელეკომპანია „ მაესტროს“  გადაცემა „პრეს-პრეს“-ს კახა ბენდუქიძე სტუმრობდა.

გადაცემა სოციალური ქსელების განხილვის თემა გახდა.

იუზერთა ნაწილი ჟურნალისტების მოუმზადებლობას აკრიტიკებდა, ხოლო ნაწილი -  „ბენდუქიძის სიუხეშეს“. 

მონაწილე ჟურნალისტებს შორის, შორენა შავერდაშვილიც იყო, რომელმაც მეორე დღეს შენიშვნები ნაწილობრივ გაიზიარა.

შავერდაშვილმა აღნიშნა, რომ გადაცემისთვის განსაკუთრებულად არ მომზადებულა და ნამდვილად შეიძლებოდა უფრო კვალიფიციური კითხვების დასმა.