ამერიკულ მულტსერიალში იესო ქრისტე „Pussy Riot“-ის მხარდამჭერია (VIDEO)

ამერიკულ მულტსერიალში იესო ქრისტე „Pussy Riot“-ის მხარდამჭერია (VIDEO)

საკულტო ამერიკული მულტიპლიკაციური სერიალის „South Park“-ის ახალი ეპიზოდის ბოლოში გამოჩნდა იესო ქრისტე, რომელიც სასწაულებს დოპინგის გამოყენებით სჩადის. სამხრეთის პარკის მცხოვრებლებთან სიტყვით გამოდის და ამ გამოსვლის დროს, მოსასხამის ქვეშ აცვია შავი მაისური, წარწერით -  „Free Pussy Riot“ (თავისუფლება „ფუსი რაიოტს“) მაცხოვარი სიტყვის ბოლოს, თეთრ კვართს იხსნის და შეკრებილ ხალხს მაისურზე წარწერას აჩვენებს. ხალხი მას ოვაციებით ხვდება.

მულტსერიალის 16 სეზონის, ამ  ეპიზოდის ეთერში გასვლისთანავე რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მისი აკრძალვა  მოითხოვა.

 სახელმწიფო სათათბიროს „საინფორმაციო პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საბჭოს“ წევრი ვადიმ დენგინი ამბობს, რომ იესოს იმიჯის გამოყენება ამ საქმისთვის ყოვლად დაუშვებელია და ეს ფაქტი დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს. „მე სულაც არ ვარ ამ სერიალის ფანი. ვფიქრობ, მოსკოვში ბევრი ისეთი რუსული ანიმაციური ფილმი გვაქვს, რომელიც რუს ბავშვებს ბევრ რამეს ასწავლის. არ არის აუცილებელი ჩვენი შვილები უცხოურ კულტურაზე გაიზარდონ“-ამბობს დენგინი.

ამ ფაქტს, რუსული პანკ-ჯგუფის „Pussy Riot“-ის ადვოკატი ნიკოლაი პოლზოვიც ეხმაურება და ამბობს, რომ ის პერიოდულად ადევნებს თვალს ამ ამერიკულ მულტსერიალს. ადვოკატი სულაც არ გაოცებულა იმ ფაქტით, რომ სერიალის შემქმნელებმა ყურადღება  „Pussy Riot“-ის საქმეს მიაქციეს და  ბოლო სერიაში ჯგუფის სახელი გააჟღერეს.

„ეს პროვოკაციული სერიალია, რომელიც ყოველთვის ხდება სკანდალების სამიზნე. აქედან გამომდინარე ის ხალხის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. „Pussy Riot“-ის საქმე მსოფლიო საზოგადოების  ყურადღების ცენტრში იყო. ეს ალბათ, წლის ყველაზე გახმაურებული საქმეა, ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ სერიალის შემქმნელებიც  გამოეხმაურნენ“,-ამბობს პოლზოვი.