პაატა ზაქარეიშვილი: უნდა აღსდგეს სარკინიგზო-საავტომობილო  მიმოსვლა რუსეთთან, აფხაზეთის გავლით

პაატა ზაქარეიშვილი: უნდა აღსდგეს სარკინიგზო-საავტომობილო მიმოსვლა რუსეთთან, აფხაზეთის გავლით

რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ „კომერსანტთან“  ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზადაა აღადგინოს სარკინიგზო-საავტომობილო  მიმოსვლა რუსეთთან, აფხაზეთის გავლით. პირველ ეტაპზე ეს იქნება სატვირთო, შემდეგ კი უკვე სამგზავრო სახით.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკითხის პოლიტიკურად მოტივირება და პრობლემა ეკონომიკურ ასპექტში განვიხილოთ“,-აცხადებს ზაქარეიშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთთან და აფხაზეთთან ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ. 

პაატა ზაქარეიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ სარკინიგზო საკითხი დევნილების დაბრუნების თემასთან მიბმული არ უნდა იყოს.

„სარკინიგზო ხაზის აღდგენა ხელს შეუწყობს დევნილების დაბრუნებას და პრობლემების მოგვარებას“,-აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

 სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და აფხაზეთს შორის 1992-92 წლების მოვლენების შემდეგ შეწყდა. 2003 წელს ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და დევნილების დაბრუნების შესახებ, თუმცა ეს შეთანხმება არ შესრულდა. 

რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებით, ეს ახალი მთავრობის  სტრატეგიის ნაწილია აფხაზეთის დეიზოლაციასთან მიმართებაში. 

„სარკინიგზო ხაზი მაინც მუშაობს: შემადგენლობა მაინც მოძრაობს  რუსეთის, მაგრამ არა საქართველოს მიმართულებით, რადგან ძველმა ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ აფხაზეთი ეკონომიურად მხოლოდ რუსეთთან იყოს მიბმული, თუ ჩვენ რკინიგზას ჩვენს მხარესაც გავხსნით, აფხაზეთს ალტერნატივა გაუჩნდება“,-აღნიშნავს მინისტრი.

პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ თუ საქართველო ჩაერთვება ეკონომიკურ პროექტებში, მაშინ ეს აფხაზეთთან კონფლიქტის სწრაფ დარეგულირებას შეუწყობს ხელს.

 

.