დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუკი დღეს ვინმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროვოკაცია აწყობს, ის ძველი ხელისუფლების „ნაშთია“

დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუკი დღეს ვინმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროვოკაცია აწყობს, ის ძველი ხელისუფლების „ნაშთია“

ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსთავის #16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც მან from.ge-ს განუცხადა, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში რუსთავის #16 დაწესებულებაში პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.

მისი თქმით, პატიმრების ნაწილი ციხის დირექტორის ლევან აბურჯანიას მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს, ჯერ კიდევ 2006 წელს ოპერატიული მუშაკის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, პატიმრები აცხადებენ, რომ თავის დროზე ლევან აბურჯანიას მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმრების ცემასა და ნარკოტიკული საშუალებების ჩადებას.

„ამავე დროს არსებობს პატიმართა კოლექტიური განცხადებები, რომლითაც ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ლევან აბურჯანია დაინიშნა დირექტორის თანამდებობაზე, მან გარკვეული მუქარები განახორციელა პატიმრების მისამართით და მათ შორის მათი „ჭკუაზე მოყვანის“ გარკვეული მეთოდების გამოყენებით დაიმუქრა“ - განაცხადა მან.

ამასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ თუკი დღეს ვინმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროვოკაცია აწყობს, ის ძველი ხელისუფლების „ნაშთია“.

„არ მინდა ვინმეს ბრალი დავდო. ჩემი ვალდებულება იყო გამომეტანა კონკრეტული ობიექტური ინფორმაცია. ობიექტური ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ 22 თანამშრომლის გვარი გადმომეცა, რომლებიც შემჩნეული არიან პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ პატიმრების განცხადებით, როდესაც დირექტორის თანამდებობაზე ლევან აბურჯანია დაინიშნა, ბევრი ძველი თანამშრომელი დაწესებულებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა.

მისი განმარტებით, პატიმრებს ამიტომაც გაუჩნდათ უნდობლობა ლევან აბურჯანიას მიმართ და მის ჩამოშორებას მოითხოვენ.

„მე მართლაც ძნელად წარმომიდგენია, რომ ადამიანი, რომელიც 24 საათის წინ დაინიშნა, 24 საათის შემდეგ დისკრედიტებული იყოს“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა ხელმოწერებით ადასტურებს უნდობლობას ახალი დირექტორის მიმართ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა პირადად უნდა განიხილოს მათი განცხადება, საგანგებო მოკვლევა ჩაატაროს და გადაწყვეტილება მიიღოს.