„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად, სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად, სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საირმის მოსახლეობის მიმართ 2009-2010 წლებში ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ორგანიზაციის ცნობით, ზეწოლა მოსახლეობაზე საკუთრებაში არსებული მიწების სახელმწიფოსთვის დათმობის მიზნით ხორციელდებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2010 წელს კურორტ საირმეში დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ, 1 კვირის განმავლობაში სახელმწიფოს საჩუქრად უძრავი ქონება გადასცა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2012 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც საუბრობდა.

„ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაში  დაზარალებული მესაკუთრეები საუბრობენ პროკურატურის თანამშრომლების, კერძოდ კი პროკურორ კახა სვანიძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე. როგორც გაირკვა, კახა სვანიძე პირადად აიძულებდა დაზარალებულებს მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის ჩუქებას“ - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ საირმის შემთხვევაში ასევე ფიგურირებს ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ კოხოძე, რომელიც საბოლოოდ საჯარო რეესტრში წართმეული მიწების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, ორგანიზაციის იურისტები და რეგიონული ოფისების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი საკითხების მოძიებასა და კვლევაში.

„ჩვენი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გამოაქყვენებს დამატებით ინფორმაციასა და ინტერვიუებს. მიღებული ინფორმაციის საბოლოო შეჯამებისთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მსგავსი ფაქტების სიმრავლის გამო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეების საკუთრების დარღვევის ფაქტებს გამოიძიებს.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ორგანიზაცია ფლობს შესაბამის მასალებს და მტკიცებულებებს საკუთრების უფლების ხელყოფის შესახებ და მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს  სპეციალური კომისიის ჩამოყალიბებასა და მუშაობაში.