საპატრულო პოლიციას დავით ცინარიძე უხელმძღვანელებს

საპატრულო პოლიციას დავით ცინარიძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად დავით ცინარიძე წარადგინა და დავალება საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელს და შემადგენლობას საჯაროდ მისცა.

„დარჩნენ შეურიგებელი ყოველგვარი უკანონობის გამოვლინებასთან, დაიცვან ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ქვეყანა უნდა ჩადგეს სტაბილური განვითარების კალაპოტში, უნდა დასრულდეს ის გამარჯვების ეიფორია, რომელიც არსებობდა. ვიცი, რომ იყო გარკვეული დემორალიზება და მოშვებულობა, მაგრამ ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და პატრულმა უნდა გააგრძელოს ხალხის სამსახურში ყოფნა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ტიპის გართულებას ჰქონდეს ადგილი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის დავით ცინარიძის ამოსავალი ღირებულებები კანონიერება, სამართლიანობა და ჰუმანიზმი უნდა იყოს.

"დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებდა. ამ სამსახურის შექმნის საქმეში მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის და დარწმუნებული ვარ, გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც თანამდებობა აკისრებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.