გია ცაგარეიშვილი: გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა ის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც  „ვაი“  მაღალჩინოსნებმა წაღლიტეს

გია ცაგარეიშვილი: გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა ის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც „ვაი“ მაღალჩინოსნებმა წაღლიტეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა ის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც  მას სხვადასხვა „ვაი“  მაღალჩინოსნებმა წაღლიტეს, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონები ეკეთებინათ.

აღნიშნულის შესახებ,  ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

ცაგარეიშვილის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო მძლავრი  ინსტიტუცია იქნება, რომელიც კანონით დაკისრებული უფლებასილების განხორციელებას შეუდგება.

„პირადად მე,  გიორგი ცაგარეიშვილი და მინისტრი ხათუნა გოგალაძე არავის არ მივცემთ საშუალებას, გაისქელოს ჯიბე,  გამდიდრდეს, მოიხვეჭოს მოსახვეჭელი, დაარღვიოს კანონი და  ჩვენი საარსებო გარემო მოსპოს. აქ არაა საუბარი მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროს პრობლემებზე, გარემოს დაცვის პრობლემები პირდაპირ გადაჯაჭვულია ბიზნესზე, ეკონომიკის განვითარებაზე და სხვა პრობლემებზე. ჩვენ ყველა სფეროსთან თანამშრომლობა გვსურს.  ისეთი წესები უნდა შევიმუშაოთ,  რომელიც დღევანდელ ურთულეს სიტუაციას მოერგება. მე ვარ განწყობილი თანამშრომლობისთვის და თანამშრომლობისთვის განწყობილია მინისტრიც“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილმა მეწარმეებს მოუწოდა,  რომ ასე საქმიანობის გაგრძელება ქვეყნის განვითარებაზე ეფექტიანად ვერ წაადგება, შესაბამისად მისი თქმით, „არ შეიძლება მხოლოდ შენი ბიზნესის განვითრებაზე ფიქრობდე და არ ფიქრობდე იმ გარემოზე,  რა გარემოშიც შენს ოჯახს ცხოვრება და საქმიანობა უწევს.

„ჩვენი კარი ღია იქნება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.  მობრძანდით,  ვისაუბროთ და ვითანამშრომლოთ, თუ  როგორ მივხედოთ ქვეყნის, მათ შორის, თქვენს პრობლემებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.