მთასვლელები პარლამენტის სახურავზე სარემონტო სამუშაოებს კვლავ  აგრძელებენ

მთასვლელები პარლამენტის სახურავზე სარემონტო სამუშაოებს კვლავ აგრძელებენ

ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

 ამ წუთებში, 20-მდე მთასვლელი საკანონმდებლო ორგანოს შუშის სახურავს ე.წ. სილიკონისა და გერმეტიკის წებოთი ამუშავებს. კერძოდ, მთასვლელები სახურავზე განთავსებულ ოთხკუთხედის ფორმის შუშის კუთხეებში წებოს ასხამენ, რომ ნალექიანი ამინდის შემთხვევაში, შენობაში წვიმა არ ჩავიდეს.

 აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბრის პლენარული სხდომის გახსნის შემდეგ, მთასვლელები მთელი დღის განმავლობაში, ზოგჯერ კი, ღამის საათებშიც პარლამენტის სახურავზე აქტიურ სარემონტო სამუშაოებს ეწევიან.

 ზემოთ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გარდა, მთასვლელებს სახურავზე შუშების შეცვლაც მოუწევთ, რადგან from.ge-მ სახურავზე რამდენიმე გაბზარული მინა უკვე დააფიქსირა.

 შეგახსენებთ, რომ მთასვლელების მცდელობის მიუხედავად, გასულ კვირას, როდესაც, ქუთაისში წვიმა მოვიდა, პარლამენტის ახალი შენობის ფლიგელებში წვიმა მაინც ჩავიდა და გაწმენდითი სამუშაოები სწრაფი ტემპით შესრულდა, რომ მედიის წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ორგანოში არსებული ვითარება არ დაეფიქსირებინათ.